უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 3, 2023

03.02.23 – თბილისი

უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებთან საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე თბილისის N126 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია უსინათლო და მცირედმხედველი ბენეფიციარების ინფორმირებულობის დონის ამაღლება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრაზე მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირის „ჰერა“ წარმომადგენელმა მუხრან გუნიამ. მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხამაშურიძემ კი ახალგაზრდებთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მის პრიორიტეტებსა და ახალგაზრდებისთვის არსებულ პროექტებზე ესაუბრა. თამარა წულეისკირმა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ინფორმირებისა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მადლობა გადაუხადა მცირე გრანტების კონკურში გამარჯვებულ ორგანიზაციას პროექტის განხორციელებისათვის და მსგავსი ინიციატივების საჭიროება აღნიშნა.

თავის მხრივ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირის „ჰერა“ წარმომადგენელმა მუხრან გუნიამ მსგავსი ინციატივებისმხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოსწავლეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკისა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. ყურადღებაგამახვილდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის საკითხებსა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებზე.

ინფორმაციისთვის: პროექტის ფარგლებში აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირის „ჰერა“ ორგანიზებით მომზადდა საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურის აუდიო ვერსიები უსინათლო ბენეფიციარებისთვის, კერძოდ, წიგნი „გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საინფორმაციო ბროშურა „მითები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“.

პროექტის ფარგლებში სულ გამოიცა 100 აუდიო წიგნი: 50 „გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და 50 „მითები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“. აუდიო წიგნები გადაეცათ სპეციალიზირებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და რეგიონების ცენტრალურ ბიბლიოთეკებს.

ადგილობრივი ინიციატივების მხარდამჭერი მცირე პროექტების კონკურსი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გამოცხადდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.