უვიზო მიმოსვლის საკითხებზე მიგრაციის ოფიცერმა კატი ვერცელენმა ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

თებერვალი 13, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოში ვიზიტით მყოფმა ბელგიის სამეფოს საემიგრაციო ოფისის მიგრაციის ოფიცერმა კატი ვერცელენმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ უვიზო მიმოსვლის საკითხებზე შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის/ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. საუბარი შეეხო იმ რისკებსაც, რაც წესების დარღვევასთან და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან არის დაკავშირებული.

კატი ვერცელენმა ბელგიის სამეფოში საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლით სარგებლობის და თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შეყვანილია უსაფრთხო ქვეყნების სიაში, აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი. მოსახლეობის მხრიდან კითხვები დაისვა უვიზო მიმოსვლით სარგებლობისას საჭირო დოკუმენტებთან დაკავშირებით, ასევე გრძელვადიანი ვიზიტის დროს აუცილებელი პროცედურების შესახებ.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.