უვიზო მიმოსვლისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ლეღვას საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 26, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებსა და უვიზო მიმოსვლის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ევროკავშირის ისტორიისა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და განათლების პროგრამებზე. უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საუბრისას კი ყურადღება გამახვილდა როგორც უვიზო მიმოსვლის სარგებელზე, აგრეთვე მოგზაურობის წესებზე. აღინიშნა, რომ საქართველო შეყვანილია უსაფრთხო ქვეყნების სიაში, აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი.

ახალგაზრდები დაინტერესდნენ ანტი-დასავლური პროპაგანდის საფრთხეებთან გამკლავების მეთოდებით და ისაუბრეს დეზინფორმაციის ნეგატიურ გავლენებზე. სკოლის დირექტორმა მანანა მახარაძემ აღნიშნა, რომ ლეღვას N2 საჯარო სკოლა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რაულ მჟავანაძის სახელს ატარებს, ერთ-ერთი გამორჩეულია რეგიონში „სამოქალაქო განათლების პროგრამაში“ აქტიურობით და იგი ახლა ხანს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა, შესაბამისად, ახალგაზრდები მეტი შესაძლებლობებითა და ინიციატივებით ჩაერთვებიან საინფორმაციო ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა სახალისო ვიქტორინა და აქტიურ მსმენელებს გადაეცათ საინფორმაციო ცენტრის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, დანარჩენ მონაწილეებს კი თემატური ლიტერატურა დაურიგდათ.