ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა

ივლისი 21, 2022

21.07.22 – ყაზბეგი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა ხათუნა კვესელავამ, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა აშშ-ს მხარდაჭერაზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და განვითარების საკითხებში.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.