ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 26, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით ახალგაზრდებისთვის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა  მარიკა ვაჭარაძემ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, გამოწვევებსა და არსებულ რეალობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლაზე, ევროკავშირის პროგრამის Enpard ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებსა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. ახალგაზრდებმა ასევე, მიიღეს ინფორმაცია  საგანმანათლებლო პროგრამით Erasmus+ გახსნილ შესაძლებლობებზე.

შეხვედრას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, მუნიციპალიტეტის სამსახურების ხელმძღვანელები და ზესტაფონში მცხოვრები ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ვიქტორინა და გამოვლინდა 7 გამარჯვებული, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები, ხოლო ყველა მონაწილეს საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად  ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.