ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ივნისი 17, 2022

17.06.22 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიულ ორგანოსთან თანამშრომლობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობაზე, ევროპული ინტეგრაციის ისტორიასა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, პარტნიორობაზე, გაწევრიანების მექანიზმებზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საგარეო ურთიერთობებში თანამედროვე გამოწვევებზე.

შეხვედრას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.