ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 5, 2023

05.04.23 – ზესტაფონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ზესტაფონის საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული 18 ბიბლიოთეკის წარმომადგენელთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ნატო-ს შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხებზე.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები დაურიგდათ, რომელიც თითოეულ ბიბლიოთეკაში განთავსდება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.