ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 16, 2023
16.05.23 – ზესტაფონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა გახსნა და მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიზნები გააცნო.
ღონისძიებაზე მოწვეულმა ექსპერტმა საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ გოგიტა ღვედაშვილმა, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის ფინანსურ დახმარებებსა და იმ პროექტებს, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს განვითარებისა და მდგრადობისთვის ეტაპობრივად აძლევს. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.