ჟან-მონეს კათედრის ზამთრის სკოლის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 20, 2024
20.02.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
ზამთრის სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა გიორგაძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობების და აკადემიურ სივრცეებში ამ მიმართულებით კვლევებისა და სწავლების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო, აგრეთვე, ევროინტეგრაციის კურსის სათანადო შეფასებას, ევროინტეგრაციის მიღწევებსა და გამოწვევებს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოების მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის სკოლაში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 30 სტუდენტი, ასევე სტუდენტები უკრაინიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან, რომლებსაც საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა – გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გადაეცათ.
ჟან მონეს ზამთრის სკოლა ბსუ-ში წელს პირველად დაიგეგმა და რეგულარულად ჩატარდება მომდევნო წლებშიც. სკოლა ტარდება პროგრამის „ერასმუს +“ ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში, რომელიც ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება 2023 წლიდან. ხუთდღიანი ზამთრის სკოლის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირში გაწერიანების პროცესის შესახებ.
ზამთრის სკოლის ფარგლებში მოწვეულნი არიან პროფესორები უკრაინიდან, მოლდოვიდან, სერბეთიდან, რომლებიც სტუდენტებს გაუზიარებენ ასოცირებული ტრიოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებას ევროინტეგრაციის შესახებ.