ჟან-მონეს კათედრის სტუდენტური კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

იანვარი 27, 2023

27.01.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის მიერ ორგანიზებული სტუდენტური კონფერენციის „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ევროკავშირის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობებისა და აკადემიურ სივრცეებში ამ მიმართულებით კვლევებისა და სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას.

კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა, სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის უფროსმა ომარ ფარტენაძემ და ჟან-მონეს კათედრის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ.

სტუდენტური კონფერენციის მიზანია მისცეს მონაწილეებს საბაზისო ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროინტეგრაციის, საქართველოში ევროინტეგრაციის კუთხით არსებული მექანიზმებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ; გაზარდოს საქართველოს მოქალაქეების ცნობიერება ევროპული ღირებულებების შესახებ.

კონფერენციაზე, რომელშიც საინფორმაციო ცენტრი ყოველწლიურად მონაწილეობს, ბსუ-ს და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 60-ზე მეტმა სტუდენტმა, წარმოადგინა მოხსენებები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: ევროინტეგრაცია, მისი ძირითადი ღირებულებები და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში.