ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა

აპრილი 2, 2022

02.04.22 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ზუგდიდის ამერიკული კუთხის ერთობლივი ორგანიზებით, ახალგაზრდებთან საჯარო ლექცია გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მომხსენებელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზეც ისაუბრა და შეეხო ნეიტრალიტეტის თემას, რომელიც აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა აქტორების საშუალებით.

ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ საზოგადოების მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ერთად, ზუგდიდის ამერიკული კუთხის დირექტორი სოფო კვარაცხელია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი ბესიკ არახამია ესწრებოდნენ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.