ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლაში დასავლური ინტეგრაციიის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივნისი 13, 2023
13.06.23 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგი ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ანა ცანავამ, შეხვედრაზე საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.