ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივლისი 13, 2022
13.07.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის, მერიის იურიდიული პირების წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებსა და შემდგომ ეტაპებზე, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.