ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 1, 2022
01.12.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა მიესალმა და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელ გეგმასა და შემდგომ ეტაპებს, რასაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან წევრობამდე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.