ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 6, 2021

06.12.21 – სოფელი ტყაია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიას საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.

შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საუბრისას კი – აქცენტი გაკეთდა დადგენილ წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.