ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 10, 2023

10.05.23 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, ახალგაზრდებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრას უძღვებოდნენ მოწვეული სპიკერები: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს რეგიონული კოორდინატორი არჩილ თოდუა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კონსულტანტი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ახალგაზრდულ საკითხებში გიორგი მორგოშია.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავაც ესწრებოდა, რომელმაც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე გაამახვილა ყურადღება.