ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის სკოლის მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა
მარტი 22, 2024
22.03.24 – სოფელი კოკი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ჩართულობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა.
სემინარზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და იმ პროცედურებს, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფოთის ოფისის წარმომადგენელმა ნანა წულაიამ ახალგაზრდებს, უსაფრთხო მიგრაციის, ევროპის ქვეყნებში ლეგალურად სწავლისა და მუშაობის, სამოგზაურო რეგულაციებისა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.