ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 11, 2022

11.11.22 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ღირებულებებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამას. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასა და შემდგომ ეტაპებზე.

ხაზი გაესვა ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებს.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.