ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საჯარო ლექცია გაიმართა
მაისი 13, 2022
13.05.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, სტუდენტებთან გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: ,,საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობები“.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.
მომხსენებელმა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.
ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ევროპის დღეები საქართველოში უკვე მეათედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.