ზუგდიდის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 17, 2023
17.12.23 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის N9 საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაზე, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციასა და იმ პროცედურებზე, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.