ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 15, 2023

15.12.23 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის არჩილ თოდუას ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ სკოლის დირექტორი სოფიო ქობალია და სამოქალაქო განათლების პედაგოგი არჩილ თოდუა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცეს.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და იმ პროცედურებზე ისაუბრა, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.

საუბარი, ასევე, შეეხო ევროინტეგრაციის მნიშვნელობას, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებს.