ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 14, 2023
14.12.23 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციასა და იმ პროცედურებზე, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
ასევე, შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ნანავამ, მოსწავლეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე: კერძოდ, ERASMUS +, ERASMUS MUNDUS ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის, EU4YOUTH პროგრამის სტიპენდიების, სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიების, ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.