ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 10, 2023

10.12.23 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის „ნიკე“ ორგანიზებით, მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა და დებატები გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ევროკავშირის ფასეულობებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციასა და იმ პროცედურებზე, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.
ცენტრის წარმომადგენელმა, ასევე, მოდერაცია გაუწია ევროინტეგრაციის საკითხებზე კარლ პოპერის ფორმატის დებატებს, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობდა.