ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
აპრილი 12, 2022
12.04.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ.ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS+ შესაძლებლობებს.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ პროცედურულ ნაბიჯებს.
ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.