ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ვებინარი გაიმართა
დეკემბერი 17, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო ზემო-სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა, პროექტის “საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა დემოკრატიულ პროცესებში” მონაწილეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე ვებინარი გამართა.
შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ევროკავშირის ისტორიულ განვითარებასა და ღირებულებებზე ისაუბრა.
ვებინარზე მოწვეული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და დახმარების პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
ვებინარზე საუბარი შეეხო ინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის მიერ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს და ყურადღება გამახვილდა პანდემიიდან გამომდინარე ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.