ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის, დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენლებთან კონფერენცია გაიმართა

იანვარი 31, 2023

31.01.22 – ზუგდიდი

ზუგდიდში კონფერენცია სახელწოდებით – „ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე მოწყვლადი თემი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. რა არის მათი საჭიროებები?“ გაიმართა.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ორივე თემის (ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონის ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გასწვრივ) მცხოვრები მოქალაქეების ჩართულობით იმ საკითხების განხილვას, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ, სოციალურ და უსაფრთხოების პრობლემებთან.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სლოვაკეთის სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დირექტორმა იან ცინგელმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ და მეგობრობის ხიდი ქართლოსის დამფუძნებელმა მეგი ბიბილურმა.

კონფერენციაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში განხორცილებული კვლევა, ქალთა და ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში: სლოვაკეთის გამოცდილება, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა.

კონფერენციის ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საინფორმაციო ცენტრის მიზნებსა და პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

კონფერენციას ზუგდიდის, წალენჯიხისა და გორის მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის, დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტს საქართველოში „ SlovakAid” – ის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“, სლოვაკური ორგანიზაცია „MESA10“ – სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.