ზუგდიდში ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივლისი 30, 2021
30.07.21 – ზუგდიდი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროსა და ზუგდიდის ამერიკული კუთხის ორგანიზებით, ახალგაზრდებთან თემაზე: „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევები“ ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებაზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ ხელშესახებ სარგებელს, რასაც საქართველო იღებს ევროინტეგრაციის პროცესში. მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.