ზუგდიდში ესეების კონკურსის „ჩემი ევროპული არჩევანი“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა
ნოემბერი 28, 2022

28.11.22 – ზუგდიდი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ა/ო „ათინათის“ ორგანიზებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში, ესეების კონკურის „ჩემი ევროპული არჩევანი“ გამარჯვებული მოსწავლეების ნაშრომების პრეზენტაცია და დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 26 მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიების მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სალომე გარდავა მიესალმნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას და ამ მიმართლებით ცენტრის მიერ გაწეულ ძალისხმევას.
კონკურსში პირველი ადგილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლემ ელენე საჯაიამ დაიკავა, მეორე ადგილზე ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჩაჩიბაია, ხოლო მესამე ადგილზე ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ჩუხუა გავიდნენ.
კონკურსის ფარგლებში, ასევე, გამოვლინდა 3 რჩეული ნაშრომის ავტორი: ქ. ფოთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები ელიზაბედ წოწონავა, ნიკოლოზ ბერაია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ როგავა.
კონკურსის გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.