ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 15, 2022

15.06.22 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ გახსნა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.

შეხვედრის 45-მდე მონაწილეს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროს რეგიონული მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი რომან კოკაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია, ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილები ესწრებოდნენ.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.