ზუგდიდში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივნისი 14, 2022

14.06.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ეტაპებზე.
საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამას, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.
ხაზი გაესვა საქართველოში შშმ პირთა მიმართებაში ევროკავშირის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტს.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია, მერიისა და შშმ პირებთან მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ 14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.