ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის პრეზენტაცია გაიმართა, რომლისთვისაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებით 250 000 აშშ. დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა მიმართეს. პროექტის პირველი ფაზის შედეგებზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა წარადგინა პრეზენტაცია და მეორე ფაზის განხორციელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ  „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ არის  პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში მიღწეულმა შედეგებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ათივე რეგიონში ფართო საზოგადოებისათვის; ასეთი ინტერვენციის შედეგად, რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა რეგულარულად იღებს მეტ ინფორმაციას იმ სარგებლისა და შესაძლებლობების შესახებ რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს. ყოველივე ეს ასახვას მხარდამჭერთა რაოდენობაში პოვებს.

პროექტის ფარგლებში გაძლიერდა და გაფართოვდა საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ქსელი და დღეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების კომუნკაციაზე 11 რეგიონალური ბიურო მუშაობს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჯამში 526 ღონისძიება ჩატარდა, შედეგად კი პირდაპირი კომუნიკაცია 19 000-მდე ადამიანთან დამყარდა. პროექტში ჩართული 20 რეგიონული მედიის მიერ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე უკვე მომზადდა 280 მედია პროდუქტი.

მიღწეულმა შედეგებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ათივე რეგიონში ფართო საზოგადოებისათვის; ასეთი ინტერვენციის შედეგად, რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა რეგულარულად იღებს მეტ ინფორმაციას იმ სარგებლის და შესაძლებლობების შესახებ რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს. ყოველივე ეს ასახვას მხარდამჭერთა რაოდენობაში პოვებს.

პროექტის მეორე ფაზა, მიზნად ისახავს მიღწეული შედეგების კონსოლიდაციას და მოქალაქეების არამარტო ინფორმირებას, არამედ, მათ აქტიურ ჩართვას დასავლური ინტეგრაციის პროცესებში.

პროექტს ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.