15.06.2023 – რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ რუსთავის მე-13 საჯარო სკოლაში, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა ევროკავშირისა და ნატოს შექმნის, გაფართოებისა და გაწევრიანების ეტაპების შესახებ ისაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ნატოსთან პარტნიორობაზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განხილვას. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ასევე, სოფლის მეურნეობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე ორიენტირებულ პროგრამებზე.
შეხვედრაზე, ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.